We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

ჩვენი კომუნა – მცირე ინტერვიუ ოდიშის მენეჯერთან

ეს იდეა, მეწარმოებინა მცირე ინტერვიუების კოლაჟი აქაურ მენეჯერებთან, ადრევე დამებადა.. რიგი პრობლემების გამო კი ცოტა შეფერხდა ყოველივე ამის რეალიზება.. თუმცა სჯობს გვიანო, უთქვამთ და პირველი რესპოდენტად კლუბ "ოდიშის" (1986427) მენეჯერი – აფაქიძე შევარჩიე, ვისთანაც მქონდა პატივი და ორი შესანიშნავი სეზონი გავატარე ერთ–ერთ მეოთხე დივიზიონში.

მოგეხსენებათ აფაქიძე, ჩვენს ნაკრებსაც საკმაოდ დიდხანს და წარმატებულად ედგა სათავეში; გამოცდილი მენეჯერია და ამავე დროს საკმაოდ საინტერესოდ მოსაუბრეც გამოდგა. ხოდა აღნიშნული ინტერვიუ მგონი სახალისოდ წასაკითხი უნდა გამოდგეს აქაური კომუნისთვისაც.





თუ მეხსიერება გაძლევთ საშუალებას, გაიხსენეთ ის პირველი დღე, როცა თქვენი მოღვაწეობა დაიწყო ჰეთთრიქის სამყაროში,

– ვინ შემოგთავაზათ მისულიყავით გუნდში მენეჯერის პოსტზე,
– როგორი იყო ემოცია, როცა სრულიად ახალ საქმეს მოკიდეთ ხელი



კი ეს დღე მახსოვს :) ჩემი ქვისლი ერთ-ერთი ჰეთთრიკული გუნდის, თუ არ ვცდები "ტრანსმანიაკების" მენეჯერი იყო და მან მირჩია ამ თამაშში ჩართვა.

თავიდან ვიფიქრე, რომ არ ღირდა ამ საქმით დაკავება. თუმცა მაშინ უამრავი თავისუფალი დრო მქონდა და ვეძებდი ახალ საქმეს, ამიტო დავთანხმდი და 2009 წლის 6 ივნისს გუნდი ჩავიბარე :)

გუნდში რა ვითარება დაგხვდათ და პირველი ზომები, რა იყო თქვენი საწყისი ნაბიჯები, რითაც გუნდის შენება დაიწყეთ..


"პროგრეს ქვემო ქართლი" ძალიან ცუდ დღეში იყო და ეძებდა ახალ მენეჯერს, რომელიც ახალ კონცეფციას და სიცოცხლეს შესძენდა გუნდს.

რაღა თქმა უნდა, მას პირველ რიგში სახელი გადავარქვი და რეგიონი შევუცვალე. პირველი მატჩიც მახსოვს - "რეალმადრიდი7"-ის (231060500) წინააღმდეგ ვითამაშეთ და 4:1 გავიმარჯვეთ. პირველმა გამარჯვებამ იმედი და ინტერესი აღძრა და საქმეს უკვე ენერგიულად შევუდექი.

პირველი ნაბიჯი იყო გუნდის დაცვის გაძლიერებაზე ზრუნვა – თავიდან დაცვით მენეჯერად ჩამოვყალიბდი: რამდენი გოლიც არ უნდა გაიტანო, თუ საკუთარი კარის უსაფრთხოებას ვერ დაიცავ, შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგეყაროს.

ასე ვფიქრობდი მაშინ. ახლაც ვფიქრობ რომ ეს სწორი გზა იყო. შედეგმაც არ დააყოვნა – პირველივე სეზონში შევძელით ლიგის მოგება და მეოთხე დივიზიონში აღზევება.

და აქვე პირველ წარმატებაზეც ვთქვათ .. რა მომენტი გახსენდებათ


ძნელია საუბარი იმაზე, თუ რა იყო პირველი წარმატება... პირველივე სეზონში მეოთხე დივიზიონში ასვლა, თუ იმ მეოთხეში მოხვედრა სადაც "პრიზი", "ბიანკოჩელესტე" და სხვა საინტერესო გუნდები თამაშობდნენ...

მესამე დივიზიონში ასვლა? არა, მე მგონი ჩემი, როგორც მენეჯერის პირველი დიდი წარმატება, ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის არჩევნების მოგება და საყოველთაო მოლოდინის მიუხედავად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გაყვანა იყო.

შემდეგ იყო ეროვნული ნაკრები – როგორ შეადარებდით კლუბის და ნაკრების მართვის სპეციფიკას ერთმანეთს...


ამ ორი რამის შედარება არ შეიძლება. ნაკრების მენეჯერი არ არის დამოუკიდებელი პერსონა, ყველა მისი ნაბიჯი მთელი კომუნის განსჯის თემაა, ან უნდა ხდებოდეს მთელი კომუნის განსჯის თემა.

ანუ ნაკრები შენი საკუთრება არაა – შენ ხდები როგორც მენეჯერი ნაკრების საკუთრება. პასუხისმგებლობაც განუზომლად მეტია ნაკრებში, ვიდრე გუნდში. ყველა წარმატება ეკუთვნის მთლიანად კომუნას, ყველა წარუმატებლობა კონკრეტულად შენ...

მოკლედ, ეს ორი განსხვავებული რამეა. მატჩის დაგეგმვა, გუნდის დაკომპლექტება არ ხდება (უფრო სწორედ არ უნდა ხდებოდეს) იმპერატიულად. არსებობს მენეჯერთა ჯგუფი, რომელიც აუცილებლად ერთვება შენთან ერთად ნაკრების მართვაში და არაფერია იმაზე არასწორი, ვიდრე ნაკრების კარების დაკეტვა ნებისმიერი ყველაზე გამოუცდელი მენეჯერისთვისაც კი.

მოკლედ ეს კოლექტიური პასუხისმგებლობის სფეროა და იმედი მაქვს ეს განცდა ნაკრებთან მიმართებაში არ წაიშლება, რის ნიშნებსაც სამწუხაროდ ვხედავ, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა და ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ:)

წარმატებებს დაღმასვლაც მოყვება.. და ეს გარდაუვალია ჰეთთრიკში. – რა ხერხს მიმართავთ კლუბი კრიზისიდან რომ გამოიყვანოთ და ისევ ძველებურად მწვერვალებს შეუტიოთ


აქაც, როგორც ყველაფერში, არის პერიოდი ქვების შეგროვების და ქვების სროლის :) ანუ როცა იწყება კრიზისი, ისევ დგება დრო ხელების დაკაპიწების და ქვების შეგროვებისა.

სწორი სტრატეგია და განვითარებაზე მუდმივად ზრუნვა (არა მხოლოდ ერთჯერად შედეგზე) არის ერთადერთი გზა, მუდმივად მაღალი პოზიციების შესანარჩუნებლად.

ზოგჯერ ღირს შედეგზე უარის თქმა სამომავლო პერსპექტივის სასარგებლოდ. მოკლედ მე სისტემური მენეჯერების რიცხვში ვარ, რომელსაც ხანგრძლივი სტრატეგია უფრო იზიდავს, ვიდრე მოკლევადიანი :)

აქვე ქართულ კომუნაზე ვთქვათ – თუ არის მხცოვანი მენეჯერი, ვინც დიდი გავლენა მოახდინა თქვენზე – ერთგვარი კუმირი?!

– და სხვა მენეჯერებზე რას იტყოდი, იქნებ ვინმეს პერსონალურად გამოყოფა გსურთ, ვისთანაც განსაკუთრებული მეგობრობა გაკავშირებთ და რთულ უიკენდის მერე, ორშაბათს საღამოს სადმე ბარში ვისკისაც წრუპავთ..



რასაკვირველია ასეთი მენეჯერები არსებობენ, თან არაერთი :) როცა მე თამაში დავიწყე, ქართული კომუნა შედარებით მცირერიცხოვანი იყო და ყველა ყველას იცნობდა :)

ბევრს ვსწავლობდი მათგან, არ შემიძლია მათში არ გამოვარჩი კობალტი, დათირე, შალანა, რემარკა და სხვა ძველი მენეჯერები.

მეოთხე დივიზიონში საკმაოდ ძლიერი გუნდები დამხვდა – "პრიზი" და "ბიანკოჩელესტე". მათე "პრიზის" მენეჯერი იყო და მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე. ისიც დაცვაზე იყო ორიენტირებული და მართლა ბევრი საინტერესო რამე მასწავლა მასთან პაექრობამ.

შალანა ჰეთთრიკის ენციკლოპედია იყო :) ბევრ მენეჯერს ძალიან ახლოს ვიცნობ და უიქენდებს მართლა ხშირად ვატარებთ ერთად. თუმცა სამწუხაროდ ბევრი ძველი მენეჯერი უკვე აღარ თამაშობს ამ თამაშს, ან არც ისე აქტიურია როგორც ადრე იყო.

მაგრამ მეგობრობა ღვინოსავითაა – რაც უფრო ძველდება, დამეთანხმდებით უკეთესია :) ხოდა რამოდენიმე ადამიანს ჰეთთრიკში უკვე ძველი მეგობრები გვეთქმის და ეს ძალიან სასიამოვნოა :)

როგორ აღწერ მენეჯერის ცხოვრებას, ერთკვირიან რუტინას, მოკლედ რომ გაყვე დღეებს..
– და თავისუფალ დროს როგორ ატარებ,
– ძირითადი საქმიანობის გარდა, იყო ნაკრების და კლუბის მენეჯერი, რაიმე ჰობი თუ გაქვს



ორშაბათი ყველაზე მძიმე დღეა ჰეთთრიკში :) დღე როცა არაფერი ხდება :)) თუმცა ინტერნეტთან ყოფნა და ჰეთთრიკში ყოფნა ჩემთვის ერთი და იგივეა :)

როცა კომპიუტერი ჩართულია - ყოველთვის საკუთარ გუნდთან ვარ. ეს რასაკვირველია აუცილებელი არაა, თუმცა მაინც სასარგებლოა. ბაზრის თვალყურის დევნება, ახალი ინფორმაციის მიღება, სიახლეების კითხვა.

ჰეთთრიკი ხომ არაა სტატიური თამაში, აქ სულ რაღაც იცვლება და სულ საქმის კურსში უნდა იყო, რომ მოახერხო წარმატების მიღწევა. თუნდაც სტაფის ცვლილებები ავიღოთ – ბევრმა მენეჯერმა, რომელიც მხოლოდ პარასკეობით შემოდის ამხანაგურის დასანიშნად და შემადგენლობის დასაყენებლად, არაფერი იცის ამ ცვლილებებზე. ეს კი დამღუპველია ჰეთთრიკის მოთამაშისთვის. ამიტომ, მე გირჩევთ მაქსიმალურად მეტი დრო გაატაროთ საკუთარ გუნდთან, თუ გსურთ წარმატების მიღწევა :)

რაც შეეხება ჩემს თავისუფალ დროს - სრულად ეთმობა მოგზაურობას. ჩემი ჰობი მოგზაურობაა. მგონია რომ ადამიანი, რომელიც მუდმივად იცვლის გარემოს, უფრო ჯანსაღია და უფრო ობიექტურად ხედავს რეალობას, ვიდრე ისინი, ვისი ცხოვრებაც დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე არ იცვლება.

მოგზაურობის დროს ადმაიანი ძალიან დიდ ინფორმაციას იღებს, ეცნობა უამრავ ადამიანს, ეხება უცნობ კულტურას და ითავისებს მას, შესაბამისად მდიდრდება ინტელექტუალურად. ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება გზის გარეშე - აქტიური დასვენების მომხრე ვარ. სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა იმისთვის რომ ადამიანი დათანხმდეს იმას, რომ 2 სხვადასხვა დღე ერთნაირი იყოს :)

კარგით ისევ ჰეთთრიქს მივუბრუნდეთ, მომავლის გეგმებზეც ვთქვათ – ოდიში ვიცით რომ მცირე პაუზის მერე მესამე ლიგას დაუბრუნდა.


მესამე დივიზიონიც არაა ოდიშისთვის "საკუთარი" სივრცე. ვფიქრობ ამ სეზონში ლიგის მოგებას და მეორე დივიზიონში დაწინაურებას მოვახერხებთ. ასევე თასზე წარმატებულ ასპარეზობას და ფინალამდე გასვლას ვგეგმავთ.

მე მგონი ამ გუნდს ეს შეუძლია. თან "ოდიში" განვითარებადი გუნდია და მომდევნო სეზონში უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ახლაა. საბოლოო მიზანი, რასაკვირევლია უმაღლესი დივიზიონი და ყველაზე სასურველი ტიტულის მოგებაა.

და დასასრულს – ქართულ ჰეთთრიკის კომუნას რას უსურვებდი


მეტ საინტერესო მენეჯერს, მეტ პატივისცემას, მეტად დაახლოებას და უფრო ძლიერ, შეკრულ კომუნად ჩამოყალიბებას.
Respect!

2014-05-16 11:46:49, 1873 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=18003]

 
Server 071