We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

ჩვენი კომუნის ახალი GM-ები

ვინც აქაურ ფორუმზე აქტიურობთ, არ გამოგრჩებოდათ ფაქტი, რომ გაზაფხულის პირას GM-ის ვაკანსია გამოცხადდა. ხოდა გამოხდა ხანი და აგერ ჩვენს კომუნას ახალი სტაფის წევრები შეემატნენ.

ამ რამოდენიმე კვირის წინ კი ეს ხალხი და ჩვენი კომუნის დანარჩენი პერსონალი, ნაკრების მწვრთნელთან ერთად მაგიდას მივუსხედით და ერთმანეთი გავიცანით. ჰეთთრიქზე ცხოველი საუბრის გარდა ლუდიც გემრიელად მივირთვით და ეს მცირე ინტერვიუც, ახალი GM-ების წარსადგენად, დრო ვიხელთე და იქვე ჩავწერე.

ხოდა მეტი მე აღარაფერი დამრჩენია, ბატონებო და ქალბატონებო (ასეთები თუ გვყავს კომუნაში) წარმოგიდგენთ GM-Nerzul–ს და GM-Callouss–ს.

###


- ბატონებო პირველ რიგში მოგესალმებით და გილოცავთ GM–ის პოზიციის დაკავებას. წარმოგვიდგინეთ თავი, გავეცნოთ ჩვენს კომუნას.



GM-Nerzul – გამარჯობა და მადლობა, მოგესალმებით ასევე. მე ვარ ლაშა სხირტლაძე დაბადებული თბილისში 1982 წლის 11 ნოემბერს :) ვცხოვრობ მუხიანში. გარდა აქ მენეჯერობისა, ვითავსებ სამუშაოს კომპანია ბარამბოში IT Manager–ის თანამდებობაზე. მყავს მეუღლე და ერთი შვილი, ექვსი წლის ნიკოლოზი :)

GM-Callouss – ასევე მოგესალმებით. მე რუფატ (გიორგი) ახმედოვი გახლავართ. 36 წლის. დაბადებული და გაზრდილი თბილისში. დავამთავრე შსს აკადემია – სახანძრო უსაფრთხოების განხრით, თბილისის უნივერსიტეტი – იურისტი და LCC - ბიზნეს ადმინისტრაცია.

ლაშასი არ იყოს, ჰეთთრიქის გარდა, თავისუფალ დროს “ბარამბოში” სერვისის ინჟინრად და შეთავსებით შრომის დაცვის და უსაფრთხოების მენეჯერად ვმუშაობ.

– კეთილი, ჰეთთრიქის სამყაროში როგორ მოხვდით?



GM-Nerzul – ჰეთთრიკი გავიგე ინტერნეტ რეკლამით და დავრეგისტრირდი 2009 წელს. თანდათან რაც უფრო ვამუღამებდი, მით უფრო მეტად ვხდებოდი ამ თამაშზე დამოკიდებული :) ეხლა კი ისე მომწონს რომ მგონი არასოდეს დავანებებ თავს :) (თუ რა თქმა უნდა ფასიანი არ გახადეს) :)

GM-Callouss – ოთხი წლის წინ, როდესაც საქართველოში რვაწლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი, ბარამბოში დავიწყე მუშაობა, სადაც გავიცანი ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი – ლაშა სხირტლაძე. სწორედ ლაშამ მომიყვა ამ შესანიშნავ თამაშზე და ასე გადამდო (ვიმედოვნებ) მოურჩენელი სენი (ამის მოსმენაზე Nerzul–ს სიამოვნებისგან ეღიმება).

– და ამასობაში GM-ის თანამდებობა... ორი სიტყვით რა განწყობაა?!



GM-Nerzul – მე მგონია, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთი ავიღე საკუთარ თავზე. ამით არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ თავდადებული გამოვდივარ, მაგრამ არ მიყვარს როცა უსამართლობას ვხედავ და მინდა სამართლიანობა დავამკვიდრო ამ თამაშში.

ეს ყველასათვის კარგი იქნება, ამით მე არც ძლიერი ვარ და არც არავიზე მაღლა არ ვდგავარ, უბრალოდ მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია ქართული კომუნისა და უშუალოდ ჰეთთრიქის სამსახურში.

GM-Callouss – განწყობა – ჩინებული (8) :)))

– რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეთ და გეგმა, რა წვლილის შეტანა შეგიძლიათ ჰეთთრიქის განვითარებაში?



GM-Nerzul – სირთულეები უკვე საკმაოდ ბევრია და ეს ძალიან ძნელია ჩემთვის, რადგან არ მინდა ვინმე ნაწყენი დამრჩეს. ვცდილობ საშუალო გადაწყვეტილება მივიღო ისე, რომ არცერთი მხარე არ დაზარალდეს.

წვლილის შეტანა კი, ჩემთვის პრიორიტეტულია ახალი მენეჯერების დროულად სწორ გზაზე დაყენება მოვახერხოთ და ამ თამაშის არსსა და თავისებურებებში გავარკვიოთ.

მინდა რაც შეიძლება მეტნი ვიყოთ – უფრო აქტიური და ძლიერი კომუნა. ეს ყველას წაგვადგება, როგორც კონკურენციაში, ისე ნაკრებებში.

გეგმები კიდევ საკმაოდ ბევრი მაქვს როგორც საკუთარ გუნდთან ისევე ნაკრებთან დაკავშირებით. :)


GM-Callouss – სირთულეები არის და არა ცოტა... გასაგები მიზეზების გამო ვერ მოგიყვებით, თუ რა პროცედურებს ვატარებთ ყოველდღიურად. ეს ყველაფერი მართმევს უამრავ დროს (რომელსაც სიამოვნებით ვხარჯავ ამ თამაშისთვის), მოითხოვს მაქსიმალურ ყურადღებას, გონივრულობას და ნებისყოფას.

მე უკვე დავწერე "თანამდებობაზე" დანიშვნისას ფორუმზე, თუ რატომ მიხარია და აუცილებლად უნდა უხაროდეს მთელ ქართულ კომუნას ჩემი GM-ობა. განვმეორდები: ვარ ძალზედ აზარტული და მომხრე ჯანსაღი (!!!) შეჯიბრებითობის, ყოველგვარ მის გამოვლინებაში.

არ მესმის, რა ამოძრავებს ადამიანს, რომელიც ცდილობს მოტყუებით აჯობოს ვინმეს (თუ რა თქმა უნდა არ არის ომი და ფსონზე არ დევს მამული). მე ვფიქრობ, ამასობაში ხდება მიზნის მამოძრავებელი აზრის ატროფირება და ეს მერე ყოველდღიურ წესად ექცევათ.

არადა, დამეთანხმებით, რომ არაფერი ჯობია შენით რომ მიაღწევ სასურველ შედეგს. ვერაფერი შეედრება ადამიანში "challenge" - ის სიამოვნებას. ვფიქრობ, ამ თამაშის მთავარი ფუძე და მიმზიდველობა იმაში მდგომარეობს, რომ "უფასოა". ეს იყო გადამწყვეტი პუნქტი, რომელმაც ჩამათრია ამ თამაშში ხელებით, ფეხებით და გონებით.

მიზნებს და გეგმებს რაც შეეხება - ვფიქრობ ჩვენთვის ამ დროისთვის რაც მთავარია, ეს არის Fair Play – სამართლიანი თამაში, რაც ისედაც ასე იყო - მგონი ყველაა ამაში დარწმუნებული. დარღვევის უგულვებელყოფა არავის აწყობს და არც სამომავლოდ დარჩება უგულველყოფილი.

და მეორე ის, რომ მინდა ჩავატარო "მინი კვლევა", თუ რა სფეროში, რა სივრცეში და განზომილებაში შეიძლება მივაგნო პოტენციურ ჩვენს თანამოაზრეებს. თუნდაც უბრალოდ დააგდო ლინკი - რამე საინტერესო ვიდეოზე (რადგან დღეს იშვიათად თუ არ ეზარებათ კითხვა) ან სხვა რამე... მგონი ეს აზრი მოეწონება ყველა მენეჯერს.

– დასასრულს, ზოგადად რას უსურვებდით და ეტყოდით ჩვენს ქართულ ჰეთთრიქის კომუნას.



GM-Nerzul – ქართულ კომუნას ვუსურვებდი უფრო მეტ აქტიურობას, საერთო საქმის ერთად კეთებას, თანადგომასა და დახმარებას.

ყველა ქართველ მენეჯერს ვუსურვებ წარმატებებს ჰეთთრიქშიც და ცხოვრებაშიც :)
ძალიან კარგი ხალხია შეგროვილი ამ თამაშში და მინდა ყველასთან მეგობრობა, გართობა და მეტი სიამოვნება :) ერთმანეთს უფრო გავუმრავალფეროვნოთ ცხოვრება. უფრო სასიამოვნო და საინტერესო გავხადოთ ჩვენი ყოველდღიურობა.

GM-Callouss – მთავარია ამ თამაშით სიამოვნება მიიღო, ეცადო გამოავლინო ისეთი თვისებები - რომელიც აუცილებლად ასევე დაგეხმარება რეალურ ცხოვრებაშიც. მიაღწევ სასურველ რეზულტატს და მიიღებ სიამოვნებას – "საუკეთესო და სასარგებლო ნარკოტიკს" :)

კიდევ რა გითხრათ? მადლობა გიორგის - ამ თამაშის ერთგულებისთვის და აშკარად სიამოვნებით გაკეთებული საქმისთვის. მადლობა ლაშას - გამაცნო აქაურობა და შეგნებულად ვიტყვი - "ცხოვრების სტილად" მიქცია HT.

ასევე მადლობა ჩემს მეგობარს ანრის - რომელიც, თამაში რომ დავიწყე, ერთი თვის შემდეგ გამომყვა ამ სივრცეში და ძალზედ პერსპექტიული მენეჯერია! შესაძლებელი რომ იყოს - ფსონს სწორედ მასზე ჩავიდოდი.

მოკლედ ყველას მადლობა ამ თამაშზე ზრუნვისთვის და ერთმანეთის მხარდაჭერისთვის. როგორც ჩვენთან უცვლელად მიღებულია – წარმატებას ვუსურვებ ყველას!

2014-07-11 09:58:39, 1947 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=18104]

 
Server 071