We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

უცხოელი საქართველოში - თავგადასავალი და შთაბეჭდილებები

უცხოელისთვის, რომელსაც ეს ქვეყანა მრავალი წლის წინ, ჯერ კიდევ სკოლის ასაკში შეუყვარდა - საქართველოში სტუმრობა ნამდვილად უნიკალური და განსაკუთრებული იყო. საქართველო გამორჩეული ადგილია, რომლის მიმართაც ინტერესი მაშინ გამიჩნდა, როდესაც სკოლაში გეოგრაფიის გაკვეთილზე ჩვენს ჯგუფს დაევალა კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ქვეყნის შესახებ სიტყვით გამოსვლა, მე მაშინვე მივუთითე საქართველოზე და ყველა დავარწმუნე, რომ ეს იყო ყველაზე საინტერესო ქვეყანა გამოსაკვლევად. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ამის შემდეგ ვნახე თბილისის დინამოსა და ზესტაფონის მატჩები სკანდინავიური გუნდების წინააღმდეგ ევროსარბიელზე და მიუხედავათ მათი დამარცხებისა, მაინც დიდი შთაბეჭდილებები დამრჩა. ამის შემდეგ დავიწყე ქართული ფეხბურთის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ვპოულობდი სხვადასხვა სტრიმებს უმაღლესი ლიგის მატჩების საყურებლად და ზოგ შემთხვევებში ვნახულობდი პირველი და მეორე ლიგის მატჩების შედეგებს და რეპორტებს (დიახ, მაშინ ძალიან გადარეული ვიყავი, მაგრამ ამაყი)

ჩემ თვალსაწიერში საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მოხვდა და ცოტა ხანში მათი თამაშების საყურებლად ზოგჯერ საკუთარი, შვედეთის ნაკრების მატჩებსაც კი ვტოვებდი, თუკი ორივეს თამაში ერთი და იგივე დროს იყო. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოგონება უკავშირდება კობიაშვილის მიერ ბოლო წუთზე გატანილ გამარჯვების გოლს, როდესაც საქართველომ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ხორვატია დაამარცხა. მახსოვს ჩემს ოთახში ვიჯექი ლეპტოპით და მატჩს ძალიან ცუდი სტრიმით ვუყურებდი, მაგრამ როცა კობიაშვილმა გაიტანა, სიხარულისგან ხმამაღლა შევყვირე და იმაზე მეტად გამეხარდა ვიდრე შვედეთის მიერ მსოფლიო თასის მოგება გამეხარდებოდა. სწორედ ამ დროს დავაფიქსირე რომ ეს ქვეყანა უკვე ძალიან მიყვარდა

2017 წლის 19 იანვარს, თბილისში ჩამოვფრინდი და ქართულ მიწას პირველად შევეხე. ბავშვობის ოცნება რეალობად მექცა! ჩემი თბილისში ყოფნის პერიოდი კოსტავას ქუჩაზე გავატარე, რომელიც ძალიან გადატვირთული აღმოჩნდა და სავსე იყო ურიცხვი ‘გიჟი’ ქართველი მძღოლებით, რომელთა მანქანების სირენების ხმა ქაოსური სიმფონიასავით ისმოდა. აღფრთოვანებული დავრჩი ქუჩებში მხედრული დამწერლობით დაწერილი ქართული წარწერებითა და ნიშნებით. მხედრული ანბანის ინტენსიური სწავლა ერთი თვის წინ მქონდა დაწყებული, ასევე ვკითხულობდი სწრაფად დასწავლის სხვადასხვა მეთოდებზეც, რადგან ქართულის სწავლა ძალიან მინდოდა.

მოდით ცოტათი დრო უკან გადავახვიოთ - რატომ ჩამოვედი თბილისში? ჩემი საცოლე ქართველია. რწმენა, ნიშანი ზემოდან ან რაიმე სხვა? - არ ვიცი. მაგრამ ჩვენ წინ საინტერესო და დატვირთული კვირა გველოდა და ეს ჩემი მოგზაურობის მხოლოდ დასაწყისი იყო!

1. თბილისი მოლი

ცნობილი ფაქტია, რომ კაცებს საყიდლებზე სიარული არ გვიყვარს. მაღაზიებში მხოლოდ მაშინ გავდივარ, როცა ვხვდები რომ საცვლებისა და წინდების ახალი წყვილი მჭირდება. შევდივარ მაღაზიაში და ვყიდულობ პირველივეს თუკი მომეწონება. ქალები სხვაგვარად იქცევიან. თუმცა მოლში გატარებული დროით მაინც კმაყოფილი დავრჩი. მაშინ როცა ჩემი საცოლე შოპინგობდა, მე კვლავ ინტერესით ვაკვირდებოდი ქართულ წარწერებს და ვცდილობდი წამეკითხა და ჩემი ქართულის ცოდნა შემემოწმებინა. ჩემი პირველი ხაჭაპურიც აქვე მივირთვი. თუმცა როგორც დამწყები ისე ვჭამდი. კვერცხის ჭამა ჩანგლით დავიწყე, მაგრამ საცოლემ მაშინვე გამისწორა და მითხრა -”რას აკეთებ? ხაჭაპურს გვერდიდან ცოტა პური მოატეხე, კვერცხში და ყველში ამოავლე და ისე შეჭამე”

მოლში ყოფნისას რაღაც ახალი მაინც ვისწავლე და შთაბეჭდილებებიც დადებითი დამრჩა. ხაჭაპურს 7,5/10 ბალით შევაფასებდი. ყველა უცხოელს ვინც ხაჭაპურის ჭამას გადაწყვეტს - არ შეჭამოთ კვერცხი ჩანგლით - ნამდვილი ქართველივით პური ჩააწეთ :)

2. ჯვრის მონასტერი

ერთ მზიან, მაგრამ ქარიან დღეს, ჩვენ ჯვრის მონასტერისკენ გავეშურეთ, რომელიც შესანიშნავი ადგილია თვალწარმტაცი ხედების მოყვარულთათვის. როდესაც ეკლესიაში მივედით, იქ უკვე ჯვრისწერა მიმდინარეობდა, იქვე იყო რამოდენიმე ტურისტიც, რომლებიც საკმაოდ ქარიან ამინდშიც კი პეიზაჟებს ფოტოებს უღებდნენ. ეს ნამდვილად კარგი ადგილია მათთვის, ვისაც მთები, ლამაზი პეიზაჟი და ფოტოგრაფია უყვარს.

3. მცხეთა

ჯვრიდან მცხეთისკენ დავეშვით. მცხეთა ძველი, თვალწარმტაცი ქალაქია. უპირველესყოვლისა ვეწვიეთ და მოვინახულეთ სვეტიცხოველი, სადაც მისი აგების ისტორიაც მოვისმინე. ამ დროს გამიჩნდა გრძობა, თითქოს მეც ამ დიდი ისტორიისა და კულტურის ერთ-ერთი მონაწილე და მომსწრე გავხდი.

4. ქართული სამზარეულო

ჩვენი შემდეგი გაჩერება იყო რესტორანი სალობიე, მცხეთაში, სადაც გავსინჯე რაღაც რასაც ლობიო ერქვა. ამ საჭმელს, ლობიოს მარცვლებისგან ამზადებენ და გემოც ლიბიოს მარცვლის სუპის აქვს. ლიბიო შევჭამეთ ყვავილების ქოთნის ფორმის ქილიდან (რა თქმა უნდა ის არ იყო, მაგრამ ძალიან გავდა). ჭამის დასრულების შემდეგ საცოლემ მიამბო ლობიოსა და კუჭს შორის არსებული 'ურთიერთობის' შესახებ და მითხრა, რომ ხანდახან 'პრობლემების' გამოწვევაც შეეძლო.

გაინტერესებთ ჩემი რეაქცია? - "დიდი მადლობა რომ ამას მხოლოდ ახლა მეუბნები, ჭამის დასრულების შემდეგ :) საბედნიეროდ, ჩემს შემთხვევაში ეს მხოლოდ მითი აღმოჩნდა. ლიბიოს კი 9/10 ბალიან შეფასებას ვუწერ!

ასევე გავუსინჯე გემო ცნობილ ხინკალს, რომელიც კვლავ გამოუცდელი დამწყებივით შევჭამე. ეს არის მოხარშული ცომის ფუნთუშა, რომელიც სავსეა ცხარე ხორცითა და მისი წვენით (წვენის არსებობის შესახებ არ ვიცოდი), ამიტომ მოკბეჩის შემდეგ წვენი დამეღვარა. თუმცა თავად ხინკალი ძალიან გემრიელი იყო. 8/10 შეფასება ხინკალს! არ დაგავიწყდეთ ხინკლის თავზე წიწაკის მოყრა, ასე უფრო პროფესიონალი გამოჩნდებით.

5. ნარიყალა

ეს უძველესი ციხესიმაგრე ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობა იყო, რადგან მის შესახებ სკოლის პერიოდში ბევრი წავიკითხე. ეს არის ლამაზი ადგილი, საიდანაც იშლება ქალაქის ფანტასტიური ხედი. ციხესიმაგრისკენ მიმავალ საბაგიროშიც ძალიან განვიტვირთე და ვისიამოვნე. ქართლის დედის ქანდაკებაც ძალიან ლამაზია, ამიტომ ჩემი კამერა იმ მომენტებში ძალიან დაკავებული იყო. მოკლედ საოცარი პეიზაჟია, სუნთქვა შეგეკვრება!

6. თბილისის ტაქსის მძღოლები

ქალაქში რამოდენიმეჯერ ვისარგებლე ტაქსით და თითოეული მგზავრობა დასამახსოვრებელი იყო. ვცდილობდი მძღოლებთან ჩემი გატეხილი ქართულით მესაუბრა და მეთქვა - მე ვარ შვედური (მე ვარ შვედი). მათი რეაქცია ფანტასტიური იყო: შვედი ცდილობს ქართულად საუბარს?! მგზავრობის ბოლოს კი ვემშვიდობებოდი ტექსტით:"სასიამოვნოა შენ გაცნობა, მადლობა ჩემი მეგობარ, ძილი ნებისა, ნახვამდის!" ამ დროს მათ ეღიმებოდათ - მოესმათ თუ მართლა საუბრობს შვედი ქართულად? - დიახ!. ერთ ერთმა მათგანმა თავისი სახელიც მითხრა - ზურაბი და ნომერიც ჩამაწერინა, იმ შემთხვევისთვის თუკი კვლავ ჩამოვიდოდი. ქართველების ჩემს მიმართ მეგობრული განწყობა გასაოცარი იყო. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი და ეს თავგადასავალიც არასოდეს დამავიწყდება

ჩემი პირველი შთაბეჭდილებების შეჯამება:

ქართველი მძღოლების მართვის უნარები: 4/10

სიგიჟე ქუჩებში: 9/10

სიგნალების გამოყენება: 7/10

ქართული სამზარეულო: 8/10

მეგობრული ატმოსფერო: 10/10

სილამაზე: 10/10

ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვა - "ხოო", რაც ნიშნავს 'კი'-ს, ოღონდ უფრო კარგად ჟღერს :)

დავბრუნდები თუ არა ისევ? - კი! მომავალ შეხვედრამდე მარტში. ჩემი საქართველო!
----------------------------------------------------------------------------------------
ამ სტატიისთვის მიძღვნილი თემა ფორუმზე - (17066297.1)

2017-02-02 20:08:35, 1581 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=19979]

 
Server 070