We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

დუბლი და ერთადერთი ქართული გუნდი მასტერსზე. ს-39

სულ მალე სტარტს აიღებს მასტერსის გათამაშება. ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს გასული სეზონის უმაღლესი ლიგის და ეროვნული თასის გამარჯვებული გუნდი italianità (1986483). იგი გამორჩეულია ქართულ წამყვან გუნდებს შორის და ნამდვილად შესწევს ძალა ამ უმნიშვნელოვანესი ტიტულის მოსაგებად. წარამტება ვუსურვოთ და ერთად ვუგულშემატკივროთ ერთადერთ ქართულ გუნდს უმნიშვნელოვანეს კლუბურ ტურნირზე - ჰეთთრიქ მასტერსზე.

გთავაზობთ ინტერვიუსს მის მენეჯერთან LA-levang-თან.

პირველ რიგში გილოცავ დუბლს წინა სეზონში და გისურვებ წარმატებებს მიმდინარეში, განსაკუთრებით მასტერსზე, დაე ნამდვილი ჰეთ-თრიქი შეგესრულებიოს.

- ორიოდე სიტყვით შენს შესახებ.

დიდი მადლობა. მე გახლავართ ლევან გოგოლაძე, ვარ 29 წლის, ვცხოვრობ თბილისში, მყავს მეუღლე და ორი შვილი.

- სეზონი დასაწყისიდანვე თუ გეგმავდი ჩემპიონობას და/ან თასის აღებას ?
კი, პროგრამა მინიმუმი ერთ-ერთი ტიტულის მოგება იყო.

- როგორ შეძელი ძალების გადანაწილება ორ ფრონტზე ?
რამდენიმე თამაშში რისკზე წავედი და შევეცადე მეტოქის ტაქტიკა გამომეცნო. ბოლომდე გადაჭრით არცერთ ტიტულზე არ გამიკეთებია აქცენტი და შეიძლება ორი კურდღლის დევნაში სულაც უტიტულოდ დავრჩენილიყავი. თუმცა ჩემდა სასიხარულოდ რისკმა გამიმართლა.

- ქართული კომუნის ერთადერთი წარმომადგენელი ხარ მასტერსზე, რა იქნება შენი პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი?
სამასტერსო გეგმებს რაც შეეხება, მინდა წინა სეზონებთან შედარებით უფრო წინ წავიდე და ვნახოთ რა გამომივა. წინასწარ რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ ჩემთან აშკარა ფავორიტი თითქმის ვერავინ ვერ იქნება იქ და უბრძოლველად არაფრის დათმობას არ ვაპირებ.

- დაასრულე გუნდის მომზადება /მოძლიერება?
შეიძლება ითქვას რომ ტურნირს ნორმალური შემადგენლობით შევხვდები. არის რამდენიმე პოზიცია(მაგ. მეკარე) სადაც უფრო გაძლიერება შემეძლო, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე არსებული კრიზისის გამო ბოლომდე ჯერ ვერ შევასრულე გუნდის გადაწყობის გეგმა.

- როგორია შენი პრიორიტეტი 3 უმნიშნველოვანეს ტურნირებს შორის? მასტერსი, უმაღლესი და ეროვნული თასი.
რა თქმა უნდა, ყველაზე ძალიან მასტერსის მოგება გამიხარდება, მაგრამ რეალურად თუ ვიმსჯელებ, სხვებთან შედარებით ყველაზე დიდი შანსი უმაღლესი ლიგის მოგების კუთხით მექნება და ალბათ მთავარი პრიორიტეტიც ეგ უნდა გახდეს.

- თუ გრძნობ თანალიგელების და საერთოდ ქართული კომუნის მხრიდან თანადგომას და გულშემატკივრობას?
კი, საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს ბევრ შესანიშნავ მენეჯერთან და ზოგადადაც ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქართული გუნდის წარმატება ყველას უნდა გაუხარდეს.

- პირველი მეტოქე უკვე ცნობილია, რას ფიქრობ მის შესახებ?
საწყის ტურში საკმაოდ გამოცდილი მენეჯერი შემხვდა. მისი გუნდი ძალიან ტიტულოვანია და უკვე დიდი ხანია, რაც მექსიკაში მოწინავეთა შორის არის.
თუმცა ამ ეტაპზე ჩემს გუნდს უფრო ძლიერად მივიჩნევ და იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევ.უბრძოლველად არაფრის დათმობას არ ვაპირებ.

- როდის დაიწყე ჰეთთრიქის თამაში?
14 სეზონის წინ - ანუ 24-ე სეზონში. რეგისტრაციის თარიღი: 15.03.2012

- მანამდე ხომ არ გყოლია სხვა გუნდი?
არა

- რატომ italianità?
ყოველთვის იუვეს და იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარი ვიყავი. ზოგადადაც მგონია, რომ იტალიური ტემპერამენტი ახლოს არის ჩვენთან. ეს სიტყვაც „იტალიურ ხასიათს“ ნიშნავს...

- როცა თამაში დაიწყე მენტორების სისტემა არ არსებობდა, გყავდა ვინმე ვისგანაც სწავლობდი და რჩევებს იღებდი?
მართალია. ჩემ დროს არ იყო ასეთი ფუფუნება. ამ თამაშზე ჩემი თანამშრომლისგან გავიგე, რომელიც ახალი დარეგისტრირებული იყო და მოსწონდა ჰეთთრიქი. მისი ხათრით მეც დავრეგისტრირდი. თავიდან მეცინებოდა მის სიტყვებზე, რადგან ძალიან სერიოზულად უდგებოდა ამ თამაშს და ისე ლაპარაკობდა, რომ თითქოს რეალურ გუნდს მართავდა. დაწყებისას რაც მირჩია ის იყო, რომ მხოლოდ ვარჯიშზე გამეკეთებინა აქცენტი, თუმცა მერე მან მალევე დაანება თამაშს თავი და მე კი შემოვრჩი. თუმცა მისი რჩევა კარგად გამომადგა, რადგან საწყისი რამდენიმე სეზონის მანძილზე ჩემთვის მე-5 დივიზიონში ვთამაშობდი, 10 მცველი მყავდა რომელსაც დაცვაში და მოკლე პასებში ვავარჯიშებდი და შედეგს დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას, რამაც საწყის სეზონებში ფინანსურად გამართული ბაზა შემაქმნევინა. შემდეგ ნელ-ნელა ფორუმზეც შემოვიხედე და იქიდან დაიწყო ჩემი ინტერესის გაღვივება. აღმოვაჩინე რამდენიმე საინტერესო თემა(მაგალითად: დაუწერელი სახელმძღვანელო), სადაც ძრავის მუშაობის პრინციპებზე, ფეხბურთელების უნარების კონტრიბუციებზე, ტაქტიკებზე, სპეციალიზაციებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობდნენ... შემდეგ დავიწყე ჰეთთრიქის საუკეთესო ლიგების წამყვან გუნდებზე დაკვირვება, ვათვალიერებდი მათ მიერ დატრანსფერებულ ფეხბურთელებს, მატჩებში ნათამაშებ წყობებს, ტაქტიკებს და ა.შ. ამ გზით მინდოდა ჩავწდომოდი ამ თამაშის პრინციპს. იქიდან მოყოლებული ვცდილობდი თეორიული ცოდნა მაქსიმალურად გამეღრმავებინა, თავადაც არ ვერიდებოდი ფორუმზე განხილვებში მონაწილეობას, გამოცდილი მენეჯერების აზრებს ვეცნობოდი და ხშირად მიკამათნია კიდევაც ბევრ თემაზე. ჰეთთრიქის ყველა დამხმარე საიტიც კი გადავიკითხე, სადაც ბევრი აზრი მოვისმინე. თუმცა საბოლოოდ მაინც იმ აზრზე ვარ რომ, ეს ისეთი თამაშია, რომლის შესახებაც ყველა საკითზე ზუსტად ვერავინ ვერაფერს იტყვის, უბრალოდ ჩვენი ამოცანაა რომ მაქსიმალურად ცოტა შეცდომა დავუშვათ...

- დახლოებით რა დროს ატარებ ჰეთთრიქში დღის განმავლობაში?
ამ საკითხზე ზუსტად ალბათ ვერ გიპასუხებ, რადგან თითქმის მთელი დღის განმავლობაში ხაზზე ვარ. ჰეთთრიქი ყოველთვის ჩართული მაქვს კომპიუტერში, ლეპტოპში ან მობილურში. რა თქმა უნდა სულ ბრაუზერთან არ ვზივარ, მაგრამ მობილური აპლიკაცია იძლევა საშუალებას, რომ ცოცხალ რეჟიმში მოგივიდეს სხვა და სხვა სახის შეტყობინებები და მეც შესაბამისად ინფორმირებული ვარ ყველაფრის შესახებ.

- შენი უმთავარესი მიზანი ჰეთთრიქში.
ტიტულების მხრივ მასტერსის მოგება, ისე კი კარგ ხალხთან ურთიერთობა.

- რამდენად ხშირად ყიდულობ ახალ ფეხბურთელებს და რატომ ?
სეზონში ალბათ 6-7 ახალი ფეხბურთელის შეძენა მიწევს, რაც ძირითადად თაობათა ცვლას უკავშირდება. ამ გზით ვცდილობ გუნდის საშუალო ასაკის სტაბილურად გაკონტროლებას.

- ფეხბურთელის შერჩევისას აქცევ თუ არა დიდ ყურადღებას მის სპეციალიზაციას ?
სპეციალიზაციას აუცილებლად ვითვალისწინებ თავდამსხმელების და გარემარბების შერჩევისას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. სხვა პოზიციებზე ეს თემა ნაკლებად მტკივნეულია, თუმცა ამ შემთხვევებშიც სწორი სპეციალიზაციის ქონა მაინც ნიშნავს საკმაო უპირატესობას.

- რას ავარჯიშებ გუნდში, თუ ახერხებ საერთოდ ტიტულების მოპოვებასთან ვარჯიშის შეთავსებას?

კი, ვარჯიშს ყოველთვის ვახერხებ ერთი ასისტენტის დახმარებით და ძირითადად ნახევარდაცვას ან მოკლე პასებს ვანიჭებ უპირატესობას.

- ფინანსურად როგორ გამოგდის ასეთი ძლიერი გუნდის შენარჩუნება , ვარჯიშით, ვაჭრობით თუ ძველი დანაზოგით ?
ძირითადად ვაჭრობის შედეგად და ბოლო სეზონებში საპრიზოებიც დიდ როლს თამაშობს. ვცდილობ მოთმინებით მოვიქცე ფეხბურთელების შეძენისას და არასდროს არ გადავიხადო გაბერილი ფასები ახალ მოთამაშეებში.

- ყველაფერთან ერთად ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელიც იყავი. როგორ შეაფასებდი გასულ ციკლს?
სამწუხაროდ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელობისას ჩემს მიზანს ვერ მივაღწიე და არადამაკმაყოფილებელი შედეგები გვქონდა. შესაძლოა ნაწილობრივ არ გაგვიმართლა და მთელ რიგ მატჩებში უსამართლო შედეგებიც დაფიქსირდა, მაგრამ ამას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა.

- საკლუბო დონეზეც გქონდა ძალიან უიღბლო სეზონები, ამის მიუხედავად ფარხმალი არ დაგიყრია, ბოლომდე იბრძოლე და შედეგსაც ყველანი კარგად ვხედავთ. თუმცა ბოლო არჩევნებზე ვერ გიხილეთ, რატომ ?
გეთანხმები, საკლუბო დონეზე მოვახერხე სირთულეების დაძლევა, მაგრამ ახალგაზრდულ ნაკრებში ამ ეტაპზე ჩემს ადგილს უკვე ვეღარ ვხედავ. მინდა წარმატება ვუსურვო ახალ მწვრთნელს და შესაბამისად ახალგაზრდულ ნაკრებს.

- ეროვნულ ნაკრებზე ხომ არ გეგმავ გადართვას ?
შესაძლოა, თუმცა ჯერ-ჯერობით კიდევ ერთი სეზონი გვაშორებს არჩევნებამდე და ეს დრო უკეთესად გვიჩვენებს ყველაფერს.

- შენი აზრი ახალგაზრდული აკადემიის შესახებ, რამდენად ღირს საერთოდ მისი გახსნა ? თუ იყენებ, რამდენად კმაყოფილი ხარ ?
ახალგაზრდული აკადემიის არსებობა ყველა გუნდისათვის აუცილებელია. მას ტყუილად არ უძახიან „ოქროს საბადოს“, რადგან იგი სერიოზული შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს ნებისმიერისათვის. ბევრი უკმაყოფლებას გამოთქვამს აკადემიიდან მიღებული შემოსავლების მიმართ, მაგრამ ეს ან დროებითი მოვლენაა, რომელიც მალე მოიტანს დიდი შედეგს ან კიდევ აკადემიის მართვის კუთხით ხარვეზებთან გვაქვს ადგილი - სწორ დაგეგმვას აქაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირადად ჩემი გუნდის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ საშუალო შედეგები მაქვს აკადემიიდან მიღებული სარგებლიანობის მხრივ, თუმცა ეს მაინც საკმაოდ მომგებიანია.

- სამი რამ რაც არ მოგწონს და შეცვლიდი ჰეთთრიქში.
მომენტების განაწილების არაპროგნოზირებადობა, სპეციალიზაციების სარგებლიანობის მხრივ დისბალანსი(მიმაჩნია, რომ ზოგიერთი სპეციალიზაცია ზედმეტად მძლავრია, ხოლო ზოგი კი ფაქტიურად არაფრისმომცემი) და მხარდამჭერის ფასები.

- სამი რამ რაც ყველაზე მეტად მოგწონს ჰეთთრიქში.
თამაშის სოციალური მხარე, ეროვნული ნაკრებების სისტემების არსებობა და მასტერსი(ამ ტურნირის მოგების სურვილი დიდ სტიმულს იძლევა, რომ მუდამ სრულყოფისაკენ მიისწრაფოდე).

- რას ურჩევდი/უსურვებდი დამწყებ მენეჯერებს ?
პირველ რიგში ვუსურვებდი თეორიული ცოდნის მაქსიმალურად გაღრმავებას, ეს აუცილებელია უმაღლესი მიზნების მისაღწევად და რაც მალე გაივლიან ამ გზას მით უფრო მოკლე დრო დასჭირდება ამ მიზნების ასრულებას.

2016-10-20 15:13:29, 2506 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=19797]

 
Server 070